25 აგვისტო 2017 წელი
დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტისა და ბსუ-ს ერთობლივი VI საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში გაიხსნა.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარება საქართველოში, ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაციის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების შესწავლა, აღნიშნული პროფილის ქართული და საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გაცნობა, საველე სამუშაოების ჩატარების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
საზაფხულო სკოლის ბაზაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მოქმედებს დამატებითი (Minor) პროგრამა და საერთაშორისო სადოქტორო სკოლა „დიგიტალურ ჰუმანიტარიაში“.
საზაფხულო სკოლაში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან ერთად, ქართულ ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ.
სტუდენტებს საშუალება აქვთ 5 დღის განმავლობაში მოუსმინონ ქართველი და ევროპელი მეცნიერების თეორიულ ლექციებს, თავად ჩაიწერონ მასალები საზაფხულო სკოლის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში, მოახდინონ მოპოვებული მასალების ელექტრონული დოკუმენტაცია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და წარმოადგინონ საზაფხულო სკოლაში მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სამუშაოს ბაზაზე დამუშავებული საპრეზენტაციო მოხსენება. VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში 30 აგვისტოს დასრულდება.
https://www.youtube.com/watch?v=RD9DeIpdhE4&feature=youtu.be