8 ნოემბერი 2017 წელი
მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მსვლელობა მოაწყვეს და ეროვნული გმირის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიების ფარგლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ილიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა. ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს ილია ჭავჭავაძის ღვაწლი, მოხსენებები წაიკითხეს მის ფენომენსა და ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე. ახალგაზრდებმა ღონისძიებაზე ასევე წარმოადგინეს მწერლის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოკოლაჟი.