აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტების სტუდენტებს შეხვდა და პროგრამის ,,აგროსექტორის მდგრადი განვითარების“ ქვეპროგრამა „საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა“ წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა სამინისტროს აგროსერვის ცენტრსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში ანაზღაურებადი, ექვსთვიანი სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტუდენტების შემაჯამებელი პრეზენტაცია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ და ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადეს სტაჟირების პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისთვის და წარმატებები უსურვეს.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა მარინა ქორიძემ და ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა გოჩა ჩავლეშვილმა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2021 ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის'' ფარგლებში ექვსთვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე პირს ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს. მომავალი წლისათვის იგეგმება კონკურსში მონაწილეთა რაოდენობასთან ერთად ანაზღაურების გაზრდა და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის გახანგრძლივება. პროგრამა მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
უკან |