2-4 ოქტომბერს, თბილისში, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ბარათაშვილმა, მწვანე სტიპენდიის კოორდინატორმა, ეკოლოგიის საბაკალვრო პროგრამის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა ინგა დიასამიძემ და გეოგრაფიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასისტენტ პროფესორმა ხათუნა ჭიჭილეიშვილმა. შეხვედრა მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან შესაძლო თანამშრომლობის გეგმების გაცნობას, განხორციელებული გარემოსდაცვითი საკითხების განხილვასა და სასწავლო პროცესში ინტეგრირებას.
საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“. ამავე პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2022 წლიდან ახორციელებს ,,მწვანე სტიპენდიების“ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების (ეკოლოგია, გეოგრაფია, ბიოლოგია, აგრარული მეცნიერება) პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით მაგისტრატურის სტუდენტების წახალისებას. პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დეფიციტური პროფესიების წასახალისებლად შეიმუშავა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე მიმდინარე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებს, ინფორმაციას ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობის შესახებ, საფრთხის რუკებსა და მათ მნიშვნელობას, ადრეული გაფრთხილების სისტემებს, თუ როგორ აწარმოებს გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტრიულ დაკვირვებას და რა მნიშვნელობა აქვს მას.
უკან |