
საქართველოს სპორტის სამინისტროს და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით, ბათუმი მასპინძლობს მეორე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: ,,სპორტული მედიცინა - სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“. კონფერენციაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ფიზიკური მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და კურსდამთავრებულები მონაწილეობენ.
საერთაშორისო ფორუმის გახსნაში ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ მიიღო მონაწილეობა და სპორტული მედიცინის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ორდღიანი კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა დისციპლინაში მომუშავე პროფესიონალების - სპორტული ექიმების, ფიზიოთერაპევტების, ტრენერთა და მკვლევრების - ერთმანეთთან დაკავშირებას. ასევე, რეგიონისთვის ახალი კლინიკური და საგანმანათლებლო სტანდარტების ჩამოყალიბებას.
პლენარული მოხსენებების, პრაქტიკული სესიებისა და ვორქშოფების ფორმატის საშუალებით ბსუ-ს 30-ზე მეტ სტუდენტს საშუალება აქვს გამოცდილება უმაღლესი დონის ექსპერტებისგან მიიღონ.
კონფერენციის ფარგლებში, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სამედიცინო მოწყობილობების გამოფენა მოეწყო, სადაც ბსუ წარმოდგენილია მულტიფუნქციური სასწავლო მულაჟებით. მანაწილეებს საშუალება აქვთ დეტალური ინფორმაცია მიიღონ ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებისა და რესურსების შესახებ.
უკან |