
11-12 ივნისს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს ეკოლოგიის საწარმოო პრაქტიკა, რომელიც განხორციელდა თურქეთის ართვინის პროვინციის ბორჩხასა და ართვინის ტერიტორიაზე, საქართველოსთან მეზობელ მნიშვნელოვან ეკორეგიონში. პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ეკოლოგიის მიმართულებით, სტუდენტთა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირება, გარემოზე ანთროპოგენული ზეწოლის შედეგების გაანალიზება ტრანსსასაზღვრო რეგიონში.
საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები დეტალურად გაეცნენ მურათლის, ბორჩხას, დერინერის, იუსუფელის კაშხლების ტექნოლოგიურ და ფუნქციონირების პრინციპებს, მიიღეს ინფორმაცია ჰიდროელექტრო ენერგიის წარმოების პროცესისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების შესახებ, ასევე განიხილეს კაშხლების გავლენა ეკოსისტემურ დინამიკაზე, წყლის ბიომრავალფეროვნებაზე და საზოგადოებაზე. ჭოროხის კაშხლების მუზეუუმის მდიდარმა ექსპოზიციამ სტუდენტებს საშუალება მისცა, თვალსაჩინოდ გადაავლონ თვალი მდინარე ჭოროხზე აგებული ჰესების ისტორიულ განვითარებას, მათ მნიშვნელობასა და გარემოზე ზემოქმედების თანამედროვე მართვის მოდელებს.
სტუდენტები იმყოფებოდნენ დერინერის კაშხლის მიმდებარედ, ართვინის 5 წლის ისტორიის მქონე ბოტანიკურ ბაღში, გაეცვნენ იქ არსებულ ბიომრავალფეროვნებას და ბაღის როლს გარემოზე დერინერის კაშხლის ეფექტების შემსუბუქებაში.
პრაქტიკის პროცესში სტუდენტები იმყოფებოდნენ მურღულის სპილენძის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ადგილზე გაეცნენ სამთო საქმის გავლენას გარემოზე, ანთროპოგენური ზეწოლით გამოწვეული გარემოს ხარისხის ცვლილებებს; გააანალიზეს მდინარე ჭოროხის აუზის წყალსა და ნიადაგზე მძიმე ლითონების შესაძლო ნეგატიური გავლენა. სტუდენტებმა ყურადღება გაამახვილეს ქალაქების - ართვინისა და ბორჩხას ურბანული გარემოს ზეწოლაზე მდინარის ჭოროხის ეკოლოგიური მდგომარეობაზე.
სტუდენტები ასევე იმყოფებოდნენ ართვინის უნივერსიტეტის მაღალტექნოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში, სამკურნალო და არომატული მცენარეების ლაბორატორიაში, ზოოლოგიურ მუზეუმში, ჰერბარიუმების განყოფილებაში. გვსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ ართვინის უნივერსიტეტის პრორექტორს მურათ აიდინს, საერთაშორისო სამსახურს, პროფესორებს - ოზგურ ემინაღაოღლუსა და თემელ გოქთურქს, ბსუ-ს ბიოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულს თარქან იურდაქულს საწარმოო პრაქტიკის ეფექტურად და ხარისხიან განხორციელებაში მხარდაჭერისათვის.
ეკოლოგიის საწარმოო პრაქტიკა სტუდენტებისთვის აღმოჩნდა მეტად ღირებული, საინტერესო, შთამბეჭდავი და ნაყოფიერი, გაღრმავდა მათი პრაქტიკული ცოდნა გარემოზე ანთროპოგენნური ზეწოლის შედეგების, გარემოსდაცვითი მიმართულებით ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის როლის შესახებ და სხვ. საწარმოო პრაქტიკას ხელმძღვანელობდნენ პროფ. დავით ბარათაშვილი და ასოც. პროფ. გუგული დუმბაძე. პროგრამა განხორციელდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
უკან |