2016 წლის 2 მაისს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს თურქეთის ართვინის ჭოროხის უნივერისტეტის პროფესორ ოზგურ ემინაღაოღლუს წიგნის „ართვინის ბუნებრივი მცენარეულობა“ საჯარო განხილვაში.
„ართვინის ბუნებრივი მცენარეულობა“ პროფესორ ოზგურ ემინაღაოღლუს ხელმძღვანელობით მზადდებოდა ორი წლის განმავლობაში საველე სამუშაოებით, რომლის ფარგლებშიც ჯგუფმა გამოიკვლია და აღწერა სულ 2727 სახეობის მცენარე, რომლებიც კლასიფიცირდებიან 137 ოჯახსა და 761 გვარში. წიგნი მოიცავს ამ მცენარეთა 3 000 ფერად ილუსტრაციას.
ემერიტუსმა პროფესორმა, მურმან დავითაძემ ისაუბრა წიგნის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული ღირებულების შესახებ, არა მხოლოდ ბოტანიკოსებისათვის, არამედ ზოგადად, ბიოლოგიური მიმართულების ნებისმიერი სპეციალისტისა და მთელი საზოგადოებისათვის.
წიგნის განხილვაში მონაწილეობდნენ ართვინის გუბერნატორი, ქალაქის მერი, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორი მეჰმეთ დუმანი და სხვები.
პრეზენტაციის დასასრულს, საჯარო პრეზენტაციის ყველა მონაწილეს სამახსოვროდ გადაეცა წიგნები.
უკან |