ბსუ-ში „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ წარდგენა გაიმართა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ შესახებ. ევროკავშირის პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელმა პიტერ დებრეცენმა და ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო გაჩეჩილაძემ ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს და მკვლევრებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები გააცნო. „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამას“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD). პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას საერთაშორისო კავშირების დამყარების პროცესში საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის გზით. პროექტი ითვალისწინებს მკვლევართა და ინოვატორთა კვლევითი ვიზიტის დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.