ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და ქალაქ ბათუმის მერიის თანადაფინანსებით საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ეკოლოგიური ცნობიერება და გარემოსდაცვითი განათლება“ იმართება. საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოება და მოსალოდნელი რისკები, ევროკავშირის გამოცდილება ნარჩენების მართვაში, სამეცნიერო კვლევები ნარჩენების მართვის მიმართულებით, შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები და ჩამდინარე წყლების მართვა, გლობალური დათბობა, აჭარის ტყეებისა და ნიადაგის თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემები. ლექციებს წაიკითხავენ ბსუ-ს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის პროფესორები.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 40-მდე სტუდენტი მონაწილეობს.
უკან |