„უკრაინა-ევროპა, თანამედროვე ტექნოლოგიები, ბიზნესი და სამართალი“
მიხალ ბალუდიანსკის აკადემიური საზოგადოების (სლოვაკეთი), ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (უკრაინა) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 3-8 აპრილს, სლოვაკია-ავსტრია-უნგრეთში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „უკრაინა-ევროპა, თანამედროვე ტექნოლოგიები, ბიზნესი და სამართალი“ („UKRAINE-EU, MODERN TECHNOLOGY, BUSINESS AND LAW“) გაიმართა. უკრაინის, საქართველოს, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, სლოვაკიის, ნორვეგიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მოხსენებები წარმოადგინეს ეკოლოგიის, სამართლის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულებით. აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ნინო მხეიძემ ნაშრომი წაიკითხა თემაზე: „მიკროფილტრაციის გამოყენება ღვინის გაკამკამებისთვის და სტაბილიზაციისთვის“, ხოლო სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიების განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ნინო კიკნაძემ - „ხელვაჩაურის რაიონის მდინარეთა წყლების სისუფთავის ხარისხის შეფასება ზოგიერთი ფიზიკო-ქიმიური პარამეტრის საფუძველზე“.