აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძეს და პროფესორ ეთერ ხარაიშვილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძეს და პროფესორ ეთერ ხარაიშვილს დიდი წვლილი მიუძღვით ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებასა და ახალგაზრდა თაობების აღზრდაში. ასევე მნიშვნელოვანია მათი დამსახურება ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა წინაშე. აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძისა და პროფესორ ეთერ ხარაიშვილის ხელშეწყობით ბსუ-ში არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიება გაიმართა.
აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე მუდმივად უწევს კონსულტაციებს, აძლევს რეკომენდაციებს ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს, რაც ემსახურება საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, განსაკუთრებით სადოქტორო პროგრამის. პროფესორ ეთერ ხარაიშვილის დახმარებით ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამებმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია.
აკადემიკოსი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი ავთანდილ სილაგაძე გახლავთ 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნის ავტორი და თანაავტორი. იგი არის კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აშშ-ს განათლების, მრეწველობისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის წევრი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საბჭოს წევრი, მსოფლიო ეკონომისტთა ასოციაციის წევრი, პენინსულას (აშშ) ინფორმატიკის, განათლების და ბიზნესის უნივერსიტეტი, სრული პროფესორი. ასევე მიღებული საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ლონდონის ა. სმითის სახელობის ინსტიტუტის "ადამ სმითის მედალი" და ღირსების ორდენი“.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელს ეთერ ხარაიშვილს გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. იგი არის საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; ბუნების ისტორიის ევროპული აკადემიის ნამდვილი წევრი; სოფლის მეურნეობის ეკონომისტთა ევროპული ასოციაციის წევრი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
პროფესორი ეთერ ხარაიშვილი დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით, ღირსების ორდენით, თსუ-ს ოქროს მედლით და საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით.
უკან |