ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის ზონა - საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი" (ადლია) - მოინახულეს. გაცნობითი ხასიათის ვიზიტ-სემინარი მიზნად ისახავდა საზოგადოებაში საბაჟო ცნობიერების ამაღლებასა და სტუდენტების დახმარებას პროფესიულ ორიენტაციაში. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლების დახმარებით, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, პრაქტიკულად გაცნობოდნენ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მგზავრების, სატრნასპორტო საშუალებებისა და საქონლის გატარების პროცესს, დათვალიერებისა და გაფორმების, საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის, სკანირების თავისებურებებს.
ასევე, სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონის სპეციფიკის, საბაჟო რისკების რანჟირებისა და პრევენციების შესახებ. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობის სამომავლო ღონისძიებებიც დაიგეგმა.
უკან |