
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტაშკენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უმასპინძლა. სტუმრებს ბსუ-ს რექტორი, ტიტე აროშიძე ფაკულტეტების დეკანებთან ერთად შეხვდა. რექტორმა ხაზი გაუსვა ორ უნივერსიტეტს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და სტუმრებს წარმატებული ვიზიტი უსურვა.
დელეგაცია შედგება 8 სტუდენტისგან და 2 ხელმძღვანელი პირისგან. სტუდენტები სწავლობენ ოთხ სხვადასხვა სპეციალობაზე: ტურიზმი, უცხო ენა და ლიტერატურა, ეკონომიკა და დაწყებითი განათლება. ვიზიტის ფარგლებში მათ მასპინძლობას გაუწევენ შესაბამისი ფაკულტეტებისა და სამსახურების წარმომადგენლები. სტუმრები დეტალურად გაეცნობიან უნივერსიტეტის ისტორიას, საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინფრასტრუქტურას, ასევე ერთმანეთს გაუზიარებენ აკადემიურ და პროფესიულ გამოცდილებას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმის გაცნობითი ტური, მონაწილეობა კულტურულ ღონისძიებებში და არაფორმალური შეხვედრები ბსუ-ს სტუდენტებთან, რაც მიზნად ისახავს კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობასა და ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.
ტაშკენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2022 წელს დაარსდა და ამჟამად მასში 6500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს 18 საბაკალავრო და 6 სამაგისტრო პროგრამაზე.
უკან |