
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამუშაო-ინფორმაციულ შეხვედრას უმასპინძლა თემაზე: „თანამედროვე საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები და ტურიზმი“, რომელშიც ბსუ-სა და ამერიკის შეერთებული შტატების პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მოხსენებები წარადგინეს ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ეკატერინე ბახტაძემ და ასისტენტ პროფესორმა, ტარიელ გიორგაძემ. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე და ორმხრივ თანამშრომლობაზე.
აშშ-დან მოწვეული დელეგაციის ხელმძღვანელია გლობალური ეკონომიკური განათლების ალიანსის ხელმძღვანელი და კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონ ბროკი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ბსუ-ს სტუდენტებისთვის ლექციების ციკლი ჩაატარა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ტეხასის, კოლორადოსა და სხვა ამერიკული უნივერსიტეტების პროფესორები. აღსანიშნავია, რომ აშშ ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის (NCEE) სერტიფიცირებული ტრენერები არიან: ბსუ-ს პროფესორი, ნათელა წიკლაშვილი და ასისტენტ პროფესორი, ტარიელ გიორგაძე.
8 ივნისს, ბსუ-ში ჩატარდება სკოლის მასწავლებლებისთვის სემინარი თემაზე: „ეკონომიკის სწავლება სამოქალაქო განათლებაში“, რომელსაც ამერიკელი ტრენერები წარუძღვებიან. მონაწილე მასწავლებლებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ღონისძიებები გლობალური ეკონომიკური განათლების ალიანსის“ (აშშ), გამომცემლობა ,,სიდი“-ის და ,,ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით იმართება.
უკან |