აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ეკონომიკის, ტურიზმის და სამართალმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებთან მინისტრმა აჭარის ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე რამაზ ბოლქვაძემ სტუდენტებს საინიციატივო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, სადაც ახალგაზრდებს თავიანთი იდეებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ. 24 აპრილიდან სამინისტროს ყველა დეპარტამენტში დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტები 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან.
შეხვედრისას მინისტრმა ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სტუდენტების დასაქმების პოზიტიურ მონაცემებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დღემდე სამინისტროში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაერთი სტუდენტი და კურსდამთავრებულია დასაქმებული.
რამაზ ბოლქვაძის განცხადებით ბათუმში საფინანსო აკადემია შეიქმნება. ახალი დაწესებულება, როგორც აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს, აკადემიაში პრაქტიკული გამოცდილების მიღებას წარჩინებული სტუდენტებიც შეძლებენ. დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას ქართველი და უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები უზრუნველყოფენ.
მინისტრთან შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა. სტუდენტებმა, მათთვის საინტერესო საკითხებზე, მინისტრისგან ინფორმაცია მიიღეს. რამაზ ბოლქვაძის სტუდენტებთან შეხვედრა პერმანენტულ სახეს მიიღებს.
უკან |