ბსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ფაკულტეტების დეკანებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. პირველკურსელებისათვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სწავლის პირობებისა და სტუდენტური სერვისების შესახებ. 2022-2023 სასწავლო წლისთვის ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები პირველკურსელებით სრულად დაკომპლექტდა, ერთიანი ეროვნული გამოცდებით ბსუ-ში 1380 პირველკურსელი ჩაირიცხა. საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი გასული წლებისაგან განსხვავებით რეკორდულად გაიზარდა და შეადგენს 98,6 %-ს. 156%-ით მოიმატა ასევე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე აბიტურიენტთა რიცხვმა.