„უნივერსიტეტი-დამსაქმებელი“ თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მოდელები, სტუდენტთა პროფესიული განვითარების პერსპექტივები, ანაზღაურებადი სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამები განიხილეს. პროგრამაში მონაწილეობის პირობებზე ისაუბრეს ლიბერთი ბანკის სათაო ოფისის წარმომადგენლებმა: HR და ადმინისტრირების მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ჩიხლაძემ, ადამიანური კაპიტალის განვითარების განყოფილების უფროსმა ხათუნა მედულაშვილმა და აჭარის რეგიონალურმა დირექტორმა არჩილ ჯანყარაშვილმა.
პროექტის მიზანია ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და პოტენციალის მქონე ახალგაზრდების მოზიდვა და განვითარება. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, სტაჟირება/პრაქტიკა გაიარონ ლიბერთი ბანკში და დასაქმდნენ სხვადასხვა პოზიციაზე. ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა და „ლიბერთი ბანკმა“ მომავალი ღონისძიებები დაგეგმეს.
უკან |