ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021 წლის 23 -24 აპრილს „ერასმუს+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (CISI) ქართველი პარტნიორების სამუშაო შეხვედრებს მასპინძლობს. შეხვედრების მიზანია ბსუ-ს ადმინისტრაციისა და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის წარმომადგენლებისთვის პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსების წარდგენა და მომზადებული სალექციო მასალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, პროექტის პარტნიორი სკოლების დირექციასა და სპეცმასწავლებლებთან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, პროექტის პარტნიორ სკოლებად ბათუმის №1, 2, 3, 7, 13, 15 და 26 სკოლებია შერჩეული, რომლებთანაც თანამშრომლობის მიზნით, მემორანდუმის გაფორმებაა დაგეგმილი.
პროექტის უმთავრესი მიზანია, ხელი შეუწყოს შშმ პირთა სოციალურ ჩართულობას, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
-
პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში მოქმედი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული ახალი სასწავლო კურსების/მოდულების მომზადება;
-
სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება (აღნიშნულ პროგრამას პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან განახორციელებს თსუ და ბსუ);
-
მოკლევადიანი სატრენინგო პროგრამების/კურსების მომზადება;
-
ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის ჩამოყალიბება (სკოლების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით).
ბსუ-ს პროექტში ჩართულმა პერსონალმა მოამზადა 5 სასწავლო კურსი, რომლებიც ეხება სენსორული განვითარების, ინტელექტუალური და დასწავლის უნარის დარღვევების და ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს. აღნიშნული კურსების პილოტირება პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში და მათ შორის ბსუ-ში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან იგეგმება. ამ კურსების განსახორციელებლად პროექტის ფარგლებში შეძენილია სპეციალური აღჭურვილობა, დიდი რაოდენობის თანამედროვე ლიტერატურა, ასევე ითარგმნა უცხოენოვანი ლიტერატურის.
პროექტში ბსუ 2019 წლიდანაა ჩართული. პროექტის კოორდინატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო პარტნიორები არიან: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), „მარიანი“, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (MAEE), ბრასოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტი (UniTBv), ოლომუკის პალასკის უნივერსიტეტი (PUO), პოლონეთის ვარშავის უნივერსიტეტი (UW), მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტი, UMR.
პროექტი კიდევ 3 წლის განმავლობაში - 2023 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.