29 ოქტომბერი 2021 წელი
ხარკოვის საავტომობილო და სარკინიგზო ეროვნულ უნივერსიტეტში“ ჩატარდა ,,Erasmus+“ის საგრანტო პროექტის „საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მართვის და ინდუსტრიული კომპეტენციების ერთობლიობა კლიმატის მართვისა და კლიმატის ცვლილებების პრევენციისათვის“ საკოორდინაციო შეხვედრა და პრაქტიკული კონფერენცია. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს პროექტის განმახორციელებელმა პერსონალმა: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დარეჯან ჯაშმა, ამავე ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ნუნუ ნაკაშიძემ და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა თამარ ღოღობერიძემ.
ორდღიან საკოორდინაციო შეხვედრაზე მონაწილე ინსტიტუციებმა წარადგინეს შესრულებული აქტივობების ანგარიშები, იმსჯელეს პროექტის ორგანიზაციულ საკითხებზე და შემდგომ სამოქმედო გეგმაზე. საკოორდინაციო შეხვედრაზე ბსუ-ს გუნდის მიერ შესრულებული ანგარიში წარადგინა პროექტის მენეჯერმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ.
პროექტის ფარგლებში ჩატარებულ პრაქტიკულ კონფერენციაზე პარტნიორმა უნივერსიტეტებმა ევროპელ პარტნიორებს წარუდგინეს კლიმატის მენეჯმენტთან დაკავშირებული სასწავლო კურსები, რომლებიც შეთავაზებული იქნება, როგორც სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. პრაქტიკულ კონფერენციაზე ბსუ-ს გუნდის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსები წარადგინა ასისტენტ პროფესორმა თ. ღოღობერიძემ.
შეხვედრაზე განხილული იყო აგრეთვე კლიმატის მენეჯმენტის ლაბორატორიების განვითარების ხედვა ცალკეულ პარტნიორ უნივერსიტეტში. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლიმატის მენეჯმენტის ლაბორატორია გაიხსნება ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების სასწავლო კორპუსში და მოემსახურება სტუდენტებში პრაქტიკული უნარების განვითარებას.