ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, ღასან ხალილს ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, სამართლის დოქტორ ღასან ხალილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ღასან ხალილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბსუ-ს განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. მისი ინიციატივით, Unicef-ის საქართველოს ოფისი წლებია მხარს უჭერს უნივერსიტეტს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის განხორციელებაში. დოქტორ ღასან ხალილის ხელმძღვანელობით ბსუ-ში გაიხსნა ბავშვთა  უფლებების ცენტრი, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ბავშვის უფლებებზე, დაფინანსდა და ხორციელდება საგრანტო პროექტი ბავშვთა უფლებების ცენტრის გასაძლიერებლად, ტრენინგები გაირა აკადემიურმა პერსონალმა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადებისა და სკოლამდელი განათლების  საკითხებში. 

ასევე იგეგმება დოქტორ ღასან ხალილის ჩართვა ბსუ-ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამასა და განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაში, სამეცნიერო ხელმძღვანელის პოზიციაზე. 

დოქტორი ღასან ხალილი 2018 წლის სექტემბრამდე მუშაობდა UNICEF-ის რეგიონალური ოფისის უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში, იყო სპეციალური წარმომადგენელი ლიბიაში. მას აქვს ოცდახუთ წელზე მეტი ხნის მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა კუთხით, მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, გაეროში. დოქტორი ღასან ხალილი გახლავთ ასევე დამოუკიდებელი უფროსი კონსულტანტი, უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი და ტრენინგის ექსპერტი.

სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მდიდარ გამოცდილებას ადასტურებს დოქტორ ღასან ხალილის  სამეცნიერო ინტერესების ფართო სფერო: ადამიანის უფლებები, ქალთა და ბავშვთა უფლებები, კულტურული მრავალფეროვნება და ინტერ კულტურული დიალოგი, უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები და სტრატეგიული მენეჯმენტი. დოქტორ ღასან ხალილის ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია 20-ზე მეტი წიგნი და კვლევითი ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ისტორიული ევოლუციის შესახებ.

ბატონი ღასანი  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას, კერძოდ: პარიზის სორბონის უნივერსიტეტი - აბუ დაბის ფილიალი, ალჟირის მაგისტრატურის უმაღლესი სკოლა, დუბაის სამართლის ინსტიტუტი, მიწვეული პროფესორის თანამდებობაზე სულთან ქაბუსის უნივერსიტეტში (ომანი), პროფესორის თანამდებობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტის მაგისტრატურაში ლიბანის ლა საგესეს უნივერსიტეტებში. ამჟამად, ხელმძღვანელობს სამაგისტრო თეზისებს გაეროს შტაბის კოლეჯსა და სტელენშობის უნივერსიტეტში (აფრიკა).

გარდა ზემოაღნიშნული დამსახურებებისა დოქტორი ღასან ხალილი მუშაობდა, როგორც მრჩეველი, ექსპერტი და შემფასებელი აშშ-ს, გაეროს (UNICEF, ILO, UNESCO), ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ მთავრობის დაფინანსებულ პროექტებში. დოქტორმა ღასან ხალილმა რამდენჯერმე წარმოადგინა თავისი ქვეყანა - ლიბანი,  მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და შეხვედრებზე, როგორც გაეროში, ასევე არაბული სახელმწიფოების ლიგაში. როგორც ექსპერტმა კომპეტენციებზე დაფუძნებულ განათლებაში, კურიკულუმის დიზაინსა და ტრეინინგების მეთოდოლოგიაში შეიმუშავა არაერთი სილაბუსი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისთვის.  

დოქტორი ღასან ხალილი ფლობს ლიბანის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხს და პარიზის სორბონის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხს. გავლილი აქვს ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სამაგისტრო სკოლის მკვლევრის პროგრამა, სადაც ასევე კითხულობდა ლექციებს ბავშვის უფლებების შესახებ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა