ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრში ჩატარდა მონოგრაფიის „უსაფრთხო სკოლის ოპტიმალური მოდელის გამოვლენა საქართველოს სოციალურ კონტექსტში“ პრეზენტაცია. მონოგრაფიის ავტორები არიან პროფოსორი ლელა თავდგირიძე და ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია. მონოგრაფია მომზადდა და დაიბეჭდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში (ხელშეკრულება № SP-22-1007).
წიგნის რედაქტორია პროფესორი იმერი ბასილაძე, სამეცნიერო რედაქტორი - ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია, ტექნიკური რედაქტორი - ასისტენტ პროფესორი გიორგი ქათამაძე, რეცენზენტი - პროფესორი ნინო ნახუცრიშვილი, სამუშაო ჯგუფი - კონსტანტინე ცხვარაძე, მაია ბოლქვაძე.
მონოგრაფიის წარდგენას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო ხარისხის უზრინველყოფის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ღლონტი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე, პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, მონოგრაფიის სამეცნიერო და სამუშაო ჯგუფი. ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრად წიგნი გადაეცათ.
უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი სკოლა საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ის უზრუნველყოფს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის მომსახურე პერსონალის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას. ძალადობისგან თავისუფალი სკოლა არის საძირკველი ყველა იმ აქტივობის და ღირებულების, რომელსაც მომავალში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ქმნიან. უსაფრთხოა სკოლა, სადაც ხდება არა მხოლოდ კრიზისული სიტუაციების მართვა და მათზე ადეკვატური რეაგირება, არამედ პოზიტიური კლიმატის შექმნა, პრევენციისა და დროული ჩარევის ეფექტიანი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
მონოგრაფიაში „უსაფრთხო სკოლის ოპტიმალური მოდელის გამოვლენა საქართველოს სოციალურ კონტექსტში“ განხილულია შემდეგი საკითხები: უსაფრთხო სასკოლო გარემოს არსი და მნიშვნელობა, უსაფრთხო სკოლის საერთაშორისო პრაქტიკა, უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა საქართველოში, მშობელთა ჩართულობის როლი სკოლის პოლიტიკის განხორციელებაში, ძალადობის პრობლემა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და სახელწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, უსაფრთხო სკოლის მოდელი. წიგნში ასევე მოცემულია პედაგოგიურ სიტუაციები, დისკუსიისა და დებატის თემატიკა, აქტივობები /სავარჯიშოები, როლური თამაშის სცენარები რომელთა ეფექტური გამოყენება შესაძლებელია, როგორც საგაკვეთილო პროცესში ასევე არაფორმალურ განათლებაში მოზარდებში ძალადობის პრევენციის, ინტერდისციპლინარული და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების თვალსაზრისით. ასევე შესწავლილი და გაანალიზებული ლიტერატურისა და ჩატარებული კვლევის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია უსაფრთხო სკოლის მოდელი, რომელშიც გაზიარებულია ცნობილი ფსიქოლოგების და მკვლევრების მოსაზრებები, უსაფრთხო სკოლის ქართული და უცხოური მოდელების გამოცდილებები.
ნაშრომს ახლავს ტერმინთა განმარტება, ბავშვთა უფლებების კონვენცია და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე დისკრიმინაციის, სიძულვილის, ძალადობის, ბავშვთა უფლებების შელახვის, ცალკეული პირის და ჯგუფის, სსსმ და შშმ პირთა ფსიქოლოგიური და მორალური ზიანის, სხვადასხვა აღმსარებლობის და კულტურული ტრადიციების მქონე ადამიანების სიძულვილის, გენდერული ნიშნით ბულინგის პრევენციის მიზნით ჩატარებული აღმზრდელობითი ღონისძიებების, დებატების, კონფერენციების, ნახატების გამოფენის, ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების ამსახველი ფოტო მასალები.
მონოგრაფიის ინდექსია ISBN 978-9941-8-5542-9 DOI https://zenodo.org/record/7957169
წიგნი განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://zenodo.org/record/7957169