23 ოქტომბერი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტს უნგრული წარმოშობის უკრაინელი მეცნიერი ლასლო ჯენკოვსკი ეწვია. ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ლელა თურმანიძესთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა 2024 წლის ოქტომბერში, ბათუმში მაღალი ენერგიების ფიზიკისა და ლაზერული ფიზიკის ახალი ტრენდებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. მხარეთა შეთანხმებით შეიქმნება ლოკალური საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც ბსუ-ს ფიზიკის დეპარტამენტი უხელმძღვანელებს.
ლასლო ჯენკოვსკი მუშაობდა კიევის აკადემიურ ინსტიტუტსა და დუბნის ატომური ფიზიკის კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტში, 1998 წელს იყო ბუდაპეშტის ფიზიკის ინსტიტუტის მრჩეველი. მეცნიერმა 2005 წელს მიიღო უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ჯილდო. ლასლო ჯენკოვსკი არის რამდენიმე წარმატებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი, რომლებიც სხვადასხვა დროს გაიმართა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით.