ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ „Erasmus+“-ის პროგრამის პროექტ CLIMAN-ის დასკვნით კონფერენციას მასპინძლობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი „Erasmus+“-ის პროგრამის პროექტის - „საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მართვისა და ინდუსტრიული კომპონენტების ერთობლიობა კლიმატის მართვისა და კლიმატის ცვლილების პრევენციისთვის” (CLIMAN) დასკვნით კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციაში პარტნიორი უნივერსიტეტების 30 აკადემიური პირი და 30-მდე სტუდენტი, ასევე ბსუ-ს აგრარული მიმართულების სტუდენტები, ადგილობრივი ფერმერული ორგანიზაციების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ხუთდღიანი კონფერენციის პირველი დღე დაეთმო ქართული უნივერსიტეტების მიერ პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგების გაცნობას და მდგრადობის პერსპექტივებს. მეორე დღეს განიხილეს უკრაინული უნივერსიტეტების შედეგები. მესამე დღეს სტუმრები გაეცნობიან აჭარაში მეღვინეობისა და მდგრადი აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივებს. კონფერენციის მომდევნო დღეებში კი პარტნიორები შეაფასებენ პროექტის შედეგებს და იმსჯელებენ ახალ საპროექტო იდეებზე.

პროექტის ფარგლებში, გაზიარებულია ევროპის უნივერსიტეტების გამოცდილება კლიმატის მართვის, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების პრევენციის, ადაპტაციისა და შემარბილებელი პოლიტიკის მიმართულებით. ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, გაძლიერდა არსებული სამაგისტრო პროგრამა გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. ბსუ-ში შემუშავდა აგროეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მომდევნო წელს წარდგენილი იქნება აკრედიტაციისთვის. ასევე, ბსუ-ში და სხვა პარტნიორ უნივერსიტეტებში შეიქმნა კლიმატის მართვის ცენტრები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში კლიმატის მართვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.

პროექტი დაფინანსდა 2020 წელს და მას კოორდინაციას უწევს ნიდერლანდების ბიზნეს აკადემია. მონაწილე ინსტიტუტები არიან: გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია), მიკოლას რომერის უნივერსიტეტი (ლიტვა), ფოჯიას უნივერსიტეტი (იტალია), ტურიბას უნივერსიტეტი (ლატვია), ხარკოვის საავტომობილო და მაგისტრალების ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა), კროკის უნივერსიტეტი (უკრაინა), ლვოვის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა), დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (უკრაინა), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა