16 დეკემბერი 2024 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი ,,ერაზმუს+“-ის პროგრამის ,,განათლების ცენტრი უსაფრთხოებაში ერთიანი მდგრადობისა და ეფექტური
კომუნიკაციისთვის - SECURE" პროექტის კონსორციუმის წევრია. აღნიშნული პროექტი აერთიანებს ცხრა უნივერსიტეტს უკრაინიდან, საქართველოდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და ლიეტუვიდან, პროექტის კოორდინატორია ავეიროს უნივერსიტეტი.
2024 წლის 2 – 4 დეკემბერს, ავეიროს უნივერსიტეტში (პორტუგალია), გაიმართა სასტარტო შეხვედრა. ბსუ-დან შეხვედრას ესწრებოდნენ ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე, პროექტის მენეჯერი და მკვლევარი, ასისტენტ პროფესორი გიული თავდგირიძე და დეკანის თანაშემწე ედელია დემურია.
სასტარტო შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული პროექტის გეგმები, ვადები და ეტაპები. პროექტი ითვალისწინებს ბენეფიციარ უნივერსიტეტებში ოთხი ახალი სასწავლო კურსის შემუშავებას 5G ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე/მანქანურ სწავლებასა და კვანტურ კრიპტოგრაფიაზე, პროექტის ფარგლებში ბსუ-ში შეიქმნება თანამედროვე ლაბორატორია, გადამზადდება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. იგეგმება აქტივობები, კიბერუსაფრთხოების საკითხებში დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ასამაღლებლად, რაშიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი შეასრულებს საგანმანათლებლო ცენტრის როლს. SECURE პროექტი გააძლიერებს კვლევის შესაძლებლობებს, განავითარებს კიბერუსაფრთხოების კვალიფიციურ კადრებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას მომავლის ტექნოლოგიების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.