7 მაისი 2025 წელი

ბათუმის N2 საჯარო სკოლის VII-VIII კლასის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი „გეომეტრია ჩემს გაკვეთილზე“, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ჩემს გაკვეთილზე“.
პრეზენტაციისას მოსწავლეებმა დეტალურად გააცნეს აუდიტორიას ის კვლევითი მასალა, რომელიც მათ პროექტის ფარგლებში მოამზადეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებში, მათ შორის ცეკვაში, სიმღერაში, მუსიკალურ ინსტრუმენტებში, რეწვასა და ეროვნულ სამოსში მათემატიკური ელემენტების, როგორიცაა ღერძული და ცენტრული სიმეტრიის, პარალელური გადატანის, გეომეტრიული ფიგურების თუ სხვა ელემენტების არსებობას.
ბსუ-ს მათემატიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეთა ნამუშევარი დადებითად შეაფასეს, მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს.
ვიზიტი კონკურსის „ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში შედგა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ განახორციელა.